“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა “ვისოლ ჯგუფმა” იყიდა
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა “ვისოლ ჯგუფმა” იყიდა. აღნიშნული “ბიზნესპარტნიორს” კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ თავად დაუდასტურა.
“ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით.
მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა, ვაპირებთ ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ამ ლოკაციაზე,”-აცხადებს სოსო ფხაკაძე.
სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო.
2022 წლის 1 სექტემბერს დაწყებული აუქციონი დღეს, 12 საათზე დასრულდა. კოსტავას 68-ში მდებარე უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული.
ქონების საწყისი ღირებულება ₾65 მლნ-ს (დღგ-ს გარეშე) შეადგენდა, ქონება კი ₾65.1 მლნ-ად გაიყიდა. დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება ₾76.7 მლნ-ი გახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
45% – ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში, 20% – არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა,
20% – არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა,
7.5% – არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა,
7.5% – არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა,”- ნათქვამია აუქციონის პირობებში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა კი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება. მშენებლობა დაიწყო 2020 წლის დეკემბერში და სრულდება 2023 წლის დეკემბერში.