,,უცხოეთის გავლენის აგენტის" გამო პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან ე.წ. "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროპექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" - კანონპროექტს, რომლის განხილვა დღეს უნდა გაიმართოს.
ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.
"ეს კანონი აისახება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციაზე, სამოქალაქო სექტორის ყველა წარმომდგენელზე და მედიაზე, ვინც ადამიანის უფლებების, თუ სხვა მიმართულებით მუშაობს. ჩვენ პირადად ვმუშაობთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის საკითხებზე, რელიგიურ და ეთნუკურ უმცირესობების საკითხებზე და რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენგან იღებენ დახმარებას, ვერ მიიღებენ ამ დახმარებას", - ამბობს სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი ეკა ჭითანავა.
დღეს დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს კანონპროექტებს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ, რომლებიც ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენელთა მწვავე პროტესტს იწვევს. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.
მანამდე, პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომპარლამენტის შენობაში „დაშვების შეზღუდული რეჟიმია“.
მათი ცნობით, შეზღუდვა, რომლის „მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ, დამსწრე პირებს.
ამ კანონპროექტების წინა განხილვაზე "ეკლესიის მაგინებლებს" ეძახდნენ უმრავლესობის დეპუტატები ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონპროექტებს რუსულ კანონებად მიიჩნევენ.