"ნუ იჭიმები, წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბურთი გააგორე" - ვაშაძე ყაველაშვილს
ნუ იჭიმები, წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბურთი გააგორე - ღალატზე ხელისმომწერი ადამიანი, ყველაფერზეა წამსვლელი, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ხალხის ძალის“ დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა ვაშაძეს სიტყვით გამოსვლა სხვადასხვა რეპლიკით შეაწყვეტინა.
აღნიშნულ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს „ხალხის ძალის“ წევრებზე მიუთითა და მოუწოდა, დარბაზიდან გაუშვას.
უფრო კონკრეტულად, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების, მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილის რეპლიკები ვაშაძის იმ გამოსვლას მოჰყვა, სადაც მან განაცხადა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერებმა ხელი სამშობლოს ღალატს მოაწერეს.
„27 ქვეყნის წამომადგენელი მოვიდა პარლამენტში და გითხრათ, რომ ეს კანონი რუსულია და ამ ტიპის კანონის მიღებით საქართველო ევროპულ პერსპექტივას შორდება. მაგრამ თქვენ ხელი მოაწერეთ სამშობლოს ღალატს, დიახ, ეს არის ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ მასთან დაპირისპირებულ დეპუტატებს სიწყნარისკენ მოუწოდა.
„ყველა პროვოკაციაზე პასუხს მიიღებთ! ესენი გააჩუმეთ, დარბაზიდან გაიყვანეთ, სპეცრაზმები რომ გყავთ მობილიზებული. ესაა თქვენი სახე. ასე ელაპარაკებით ხალხს, არაფერი გაქვთ ხალხისთვის სათქმელი. ხალხის ხმის გეშინიათ, მიიღებთ პასუხს ყველაფერ ამაზე. გაიყვანეთ ეს ხალხი დარბაზიდან. ნუ იჭიმები [მიხეილ ყაველაშვილს], წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბურთი გააგორე. ღალატზე ხელის მომწერი ადამიანი, ყველაფერზეა წამსვლელი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.