"ჩვენ უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ შეხვედრებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად" - საზოგადოებრივი ორგანიზაციები
"ჩვენ უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ შეხვედრებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად" - საზოგადოებრივი ორგანიზაციები მორიგ განცხადებას ავრცელებენ.
"7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის 78-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. საქართველოს არაერთი საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ეს კანონი არის დიდი რუსული კედელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის; საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის განხილვა კი ეროვნული სირცხვილი, ყველა მოქალაქის შეურაცხყოფა და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია.
ამ კანონის პირველი მოსმენით მიღება ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიული და პროდასავლური განვითარების კურსს. დღეს ყველასთვის უფრო მეტად გასაგები გახდა, რას ემსახურება ხელისუფლების და მისი პროპაგანდისტული მედიების მიერ წარმოებული ანტიდასავლური კამპანიები, ევროპული ინსტიტუტების მუდმივი დელეგიტიმაცია, მოძმე უკრაინელი ხალხისადმი არამეგობრული დამოკიდებულება და ამის პარალელურად, რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებებისადმი მკაფიო პოზიციების არქონა.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - მეცნიერები, პედაგოგები, ექიმები, კულტურის და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები, სტუდენტები და სხვა ჯგუფები დღეს ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს.
შესაბამისად, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები დღეიდან ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არსებულ ფორმატებში, სანამ ხელისუფლება ამ კანონს უკან არ გაიხმობს და არსებითად არ დააბრუნებს ქვეყანას დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ შეხვედრებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. არ ვითანამშრომლებთ მათთან სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში.
დასმენებისა და რეპრესიების ეპოქის დაბრუნების მცდელობების მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ ბავშვების, ქალების, ხანდაზმულების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებებზე ზრუნვასა და მათ მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის!
განცხადება ღიაა შემოერთებისთვის ნებისმიერი ორგანიზაციისა და მედიისთვის.
მცირე განმარტების სახით: ფორმატების შეჩერებაში, ცხადია, არ მოვიაზრებთ ჩვენი სამოქალაქო უფლებების დაცვას - სასამართლოში საქმის გასაჩივრებას ან პოლიციისთვის ბენეფიციარის დაცვის მოთხოვნას. ვგულისხმობთ საერთო სამუშაო ჯგუფებს და მექანიზმებს, რაც ჩვენს ან სამთავრობო სამუშაო ფორმატებშია გაწერილი." - ნათვამია განცხადებაში.