მედია
ტელევიზიიდან მიღებულ ინფორმაციას 21% არ ენდობა
რამდენად ენდობა საქართველოს მოსახლეობა საინფორმაციო საშუალებებს, შეუძლია თუ არა ყალბი ამბების ამოცნობა და როგორია რუსული არხებისა და პრორუსული ტელევიზიების მიმართ დამოკიდებულება. როგორც ირკვევა, სოციალური მედის მოხმარება ტელევიზის ყურებადობის მაჩვენებელს თითქმის გაუთანაბრდა. გამოკითხული მოსახლეობის 21% ტელევიზიიდან მიღებულ ინფორმაციას არ ენდობა.
სოციალური მედიაპლატფორმებიდან ყველაზე ხშირად გამოკითხულები „ფეისბუკს“, „იუთუბს“ „ინსტაგრამს“ და „ტიკ ტოკს“ იყენებენ. შეტყობინებების გასაგზავნად კი „მესენჯერს“, „ვათსაფსა“ და „ვაიბერს“ ხმარობენ. რაც შეეხება ყალბი ინფორმაციის ამოცნობის საკითხს, 10-დან 4 გამოკითხული ფიქრობს, რომ შეუძლია დეზინფორმაციის იდენტიფიცირება.
Zinc Network-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77% ტელევიზორს კვირაში ერთხელ მაინც უყურებს, სოციალურ მედიას კი კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს გამოკითხულთა 75%.
ინფორმაცია ნამდვილია თუ ყალბი, სიმართლის დასადგენად გამოკითხულთა 28% აზრს ოჯახის წევრს შეკითხებოდა, 26% ალტერნატიულ წყაროებს გადამოწმებდა, 23% - არაფერს მოიმოქმედებდა.
კვირაში ერთხელ მაინც, ვინ საიდან იღებს ინფორმაციას:
კვლევის მიხედვით, მოსახლეობა რუსულ და გაცხადებულად პრო-რუსულ ტელევიზიებს ყველაზე ნაკლებად უყურებს და ენდობა. თუკი მოსახლეობის 40-დან 60%-მდე უყურებს იმედს, რუსთავი2-ს, მთავარს, ტვ პირველსა და ფორმულას, ირკვევა, რომ გამოკითხულები ყველაზე ნაკლებად „ობიექტივს“, „ალტ ინფოს“, ORT-ს, NTV-სა და RTR-ს უყურებენ. მათი ნდობის რეიტინგი 5%-დან 17%-მდე მერყეობს.
გამოკითხულთა უმრავლესობა არაფერს მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაშიც, თუ დარწმუნებული იქნებოდა, რომ ინფორმაცია ყალბია.
კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%.
დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%.
გააზიარეთ :