,,რუსული კანონის" განხილვაზე მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტები დაუშვეს
ფოტო: მედიაჩეკერი
ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას არ შეუშვეს. საკანონმდებლო ორგანომ უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედა, რაც ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს.
პარლამენტის განცხადებით, შეზღუდვა მხოლოდ ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ შეეხებათ.
„აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - წერია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ მიერ მეორედ ინიცირებული რუსული კანონის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვა 10:00 საათზე დაიწყო. მოსმენის პარალელურად მიმდინარეობს აქციაც. საპროტესტო აქცია დაანონსებულია 19:00 საათზეც.
რუსული კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირებას იმ მედია ორგანიზაციებსაც ავალდებულებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული.
კანონის პროექტს აქტიურად სწორედ დამოუკიდებელი ონლაინ მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ.