მედია
რუსულ კანონს აპროტესტებენ რეგიონებშიც
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები იმართება ქუთაისსა და თელავში - მედიისა და ენჯეო სექტორის წარმომადგენლები ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ და აღნიშნავენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ პარლამენტთან მიმდინარე აქციას.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს კანონპროექტი. მათი თქმით, ინიციატივა საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას.
„პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის განხილვა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. მოვუწოდებთ, ხელისუფლებას, გამოიხმოს ეს კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება“, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორში.
აქცია თელავში
იგივე მოთხოვნებით არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ თელავის მერიასთანაც.
,,თელავშიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მხარდამჭერებმა გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის უკვე ამ სტადიაზე ვართ. ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ იქნება მიღებული", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარეხ მგალობლიშვილი.
გააზიარეთ :