მედია
რუსეთში „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა აეკრძალათ
რუსეთის დუმამ "საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც "უცხოელ აგენტებს" არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე კანონში "საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ" ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩევნების ყველა დონეზე ეკრძალებათ.
ცვლილებების მიხედვით, "უცხოური აგენტების" რეესტრში შეყვანილი პირები, ასევე ექსტრემისტული ან ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართული პირები კანდიდატები ან არჩევნების დამკვირვებლები ვერ იქნებიან.
კანონში ცვლილებების შეტანას მხარი 450-დან 409 დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტში შესწორებების ნაჩქარევი შეტანა შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსეთის "უცხოეთის აგენტებად" წოდებული მოქალაქეების ინიციატივას დაეწყოთ საკუთარი კანდიდატების წამოყენების კამპანია მოსკოვის სათათბიროს არჩევნებზე, რომელიც ამ წლის სექტემბერში უნდა გაიმართოს. ვარაუდობდნენ, რომ მოსკოვის სათათბიროში მოხვედრას შეეცდებოდა 45 "უცხოეთის აგენტი" - მთელი ქალაქის საარჩევნო ოლქების მასშტაბით.
რუსეთში "უცხოეთის აგენტების" ნუსხაში ამჟამად 400-ზე მეტი ფიზიკური პირია შეყვანილი. მათგან ბევრი საზღვარგარეთ ცხოვრობს, თუმცა დიდი ნაწილი რუსეთში რჩება.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უწინ აცხადებდნენ, რომ "უცხოეთის აგენტების" სიაში პირების თუ ორგანიზაციების შეყვანა არ გამოიწვევდა მათი უფლებების დარღვევას, და რომ ეს ზომა მხოლოდ სახელმწიფოს კონტროლს მიემართებოდა უცხოური დაფინანსების მიმართ.
გააზიარეთ :