სომხეთში რუსეთის პირველი არხის მაუწყებლობა შეჩერებულია
სომხეთში რუსეთის პირველი არხის მაუწყებლობა შეჩერებულია მანამ, სანამ დავალიანება არ დაიფარება - ამის შესახებ სააგენტო "არმენპრესი" მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრ მხითარ ჰაირაპეტიანზე დაყრდნობით იუწყება.
მინისტრის თქმით, საზღვარგარეთ რუსეთის პირველი არხის იურიდიულმა პირმა, "არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები", ორ-ნახევარი თვის განმავლობაში დავალიანება დააგროვა, ამიტომ მისი მაუწყებლობა დროებით შეჩერდა საზოგადოებრივ მულტიპლექსში.
მარტში სომხეთის ხელისუფლებამ დაბლოკა კრემლის მომხრე ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის ორი საავტორო პროგრამის ტრანსლირება ტელეკომპანია RTR-Planeta-ს მულტიპლექსში. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "რეგიონში დაფიქსირებული მუდმივი დარღვევების ფაქტების საფუძველზე".
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობამ რუსეთს ჯერ კიდევ თებერვალში გაუგზავნა საპროტესტო ნოტა მასობრივი ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმების დარღვევის გამო და განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკა არ მოითმენს გადაცემებს ისეთი შინაარსით, რომელიც შეურაცხყოფს სახელმწიფოს და ხალხის ღირსებას.
სოლოვიოვმა სომხეთსა და მის ხელისუფლებაზე სიტყვიერი თავდასხმები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წელს მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის კონტროლის სრულად აღდგენას სომხეთის მხრიდან მოჰყვა რუსეთის კრიტიკა სამოკავშირეო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
მარტის დასაწყისში, სოლოვიოვი და კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე მსჯელობდნენ იმაზე, რომ სომხეთსა და საქართველოსთან საზღვარი საერთოდ არ უნდა არსებობდეს.