"ჟურნალისტების მუშაობა საშიშია და ეს გუშინაც დამტკიცდა" - ჟურნალისტები ახალციხიდან
ვაპროტესტებთ იმას რომ საქართველოს კონსტიტუცია თავზე დაგვახიეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ძალადობენ ჟურნალისტებზე და დღეს კიდევ პრემიერ-მინისტრი გამოდის და ელჩებს მუქარის ტონით ელაპარაკება - გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც ახალციხეში, შეკრებილ ჟურნალისტების და აქტივისტების აქციას შეუერთდა.
ახალციხეში ამ წუთებში, დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის გამოსახატად აქცია მიმდინარეობს.
"ბოლო პერიოდში საშინელი გახდა ჩვენი, ჟურნალისტების სამუშაო გარემო და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ. ვნახეთ, როგორ ძალადობდნენ ჟურნალისტებზე, ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ის ადამიანები, ვინც უნდა უზრუნველყოფდნენ ჩვენს უსაფრთხო სამუშაო გარემოს, სწორედ ისინი ძალადობდნენ. ჩვენც დღეს ამიტომ შევიკრიბეთ რომ მათ სოლიდარობა გამოვუცხადოთ, გავამხნეოთ და ვუთხრათ, მიუხედავად ასეთი გარემოსი მოიკრიბონ ძალები და გააგრძელონ საქმიანობა "- ამბობს "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტი თემო ინასარიძე.
"ძალადობას ვაპროტესტებ ჟურნალისტების მიმართ. არა ძალადობას! არა დარბევას! საშიში გახდა გარემო, არამარტო ჟურნალისტებისთვის, იმ ადამიანებისთვისაც ვისაც განსხვავებული აზრი აქვს"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი რომელიც აქციას შეუერთდა.