მედია
ჩვენ არც ახალ კანონს დავემორჩილებით - აგენტის იარლიყს არ მივიწებებთ! - ნინო დოლიძე
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ორგანიზაცია არც ახაალ კანონს დაემორჩილება. საუბარია საქართველოში აშშ-ის „ფარას“ „სიტყვა-სიტყვით“ გამოტანის შესახებ კანონზე, რომლის გახილვას „ქართული ოცნება“ ამ კვირაში გეგმავს.
მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოება „ქართული ოცნებისთვის“ საფრთხეს წარმოადგენს, იმიტომ, რომ სიმართლეს საუბრობს.
„ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ცდილობს ქვეყანაში თავისუფლების შემზღუდველი კანონების მიღებას. ჯერ კიდევ „რუსული კანონის“ ინიცირება ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო და სხვა კანონებიც, რომლებიც, მაგალითად, ახალი წლის პერიოდში მიიღეს. ამის გაგრძელებაა „ფარა“ იქნება თუ მედიის წინააღმდეგ კანონი, რომელიც ჯერ არ გვინახავს. ამას მე ყველას ერთიან კონტექსტში განვიხილავ - ეს არის თავისუფალი სიტყვის, განსხვავებული აზრის, შეკრების, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, რომ თუკი სადმე სივრცე არის დარჩენილი პროტესტის, განსხვავებული აზრის ამ ქვეყანაში, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი შეზღუდოს და მოახდინოს ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია.
იცით, რომ ჩვენ არც „რუსულ კანონს“ დავემორჩილეთ და არც აგენტის იარლიყს მივიწებებთ. ჩვენ მხოლოდ საქართველოს ვემსახურებით და ამიტომ რაც არ უნდა მცდელობა იყოს „ქართული ოცნების“ მხრიდან მოგვაწებოს ამ ქვეყნის მტრისა თუ აგენტის იარლიყი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ დავემორჩილებით. ჩვენ მხოლოდ ჩვენს ქვეყანას ვემორჩილებით. ამ სადამსჯელო მექანიზმებითა და დაშინებით ვერავის გატეხენ. ყველამ კარგად ვიცით, რა ტიპის ბრძოლაში ვართ - ჩვენ ვართ ქვეყნის გადარჩენის ბრძოლაში.
უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ისინი კონსპირაციული თეორიებით, საინფორმაციო მანიპულაციებით ცდილობენ მათი მხარდამჭერებისა თუ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ, თითქოს, აქ სამოქალაქო საზოგადოება რაღაცას გეგმავს. საზოგადოება კარგად ხედავს ჩვენ რას ვაკეთებთ. დღეს ქუჩაში დაჯარიმებულ ადამიანებს სამოქალაქო საზოგადოება იცავს, კორუფციას სამოქალაქო საზოგადოება ამხელს. არჩევნებს სამოქალაქო საზოგადოება იცავს და ა.შ. ჩვენ წარმოვადგენთ საფრთხეს „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ ვსაუბრობთ სიმართლეს“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.
შეიძლება, დაგაინტერესოთ: პარლამენტი დღეს მედიის ახალ კანონს განიხილავს
გააზიარეთ :