რა შეზღუდვებს ითვალისწინებს მედიის ახალი კანონი
მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, ასევე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას პოზიციის გამოხატვა იზღუდება. გარდა ამისა, კანონით საავტორო გადაცემის სტანდარტები განისაზღვრება. ამ და სხვა სიახლეებს “მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატებმა ერთობლივად მოამზადეს და პარლამენტს განსახილველად წარუდგინეს.
პარლამენტში განსახილველად დევს პროექტი, რომელიც შემდეგ სიახლეებს ითვალისწინებს:
მაუწყებელი ვალდებული ხდება ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად გადასცეს. მაუწყებელი ვალდებული იქნება მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.
პროექტის თანახმად, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ რაც მაუწყებლისათვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ.
სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებისას მაუწყებელმა უნდა მიუთითოს ინფორმაციის წყარო.
პროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება ახალ ამბების გადაცემისას დადგმებისა და ინსცენირების გამოყენება. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ან სხვა სახის გადაცემაში დადგმის ან ინსცენირების გამოყენებისას ნათლად უნდა განიმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული.
მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში კი, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ.
პროექტის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები (მათ შორის, რეპუტაცია და სახელი) შესაძლოა შეილახოს მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით) საჩივრის შეტანის უფლება აქვს. დაინტერესებულ პირს ასევე უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა.
პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება მარეგულირებელ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს.
“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩაიწერება, რომ ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და კომენტარის მკაფიო გამიჯვნა.
პროექტის თანახმად, დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.
ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველივე დღეს.
კანონში იწერება, რომ დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელი იქნება პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.
მაუწყებელი ვალდებულებად ეკისრება პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყროს. პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება უნდა მიეცეს.
კანონის პროექტის თანახმად, პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც პროგრამაში არ მონაწილეობენ.
პირდაპირ ეთერში შემოსული ზარები უნდა იქნეს შერჩეული სამართლიანობის პრინციპის დაცვით - დაუშვებელი იქნება მხოლოდ ერთი შეხედულების გამოხატვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება.
წყარო: ipn.ge