მედია
პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა, შევიწროება, დაკავება და დაჯარიმება - როგორ ხვდებიან პროფესიულ დღეს ჟურნალისტები
“მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 124 ინციდენტი აღწერა, რა დროსაც ჯამში 147 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი გახდა რეპრესიების სამიზნე. აქედან, 24 რეპორტიორი ერთზე მეტჯერ დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა, ან/და დაშავდა ფიზიკურად, დაჯარიმდა ან საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ. ფინანსური ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით, სავალი გზის გადაკეტვის საფუძვლით, პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა.
"თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტენდენციის სახე მიიღო ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ტექნიკის დაზიანების ან ჩამორთმევის შემთხვევებმა. ბოლო პერიოდში ასევე ტენდენციად იქცა საპროტესტო აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების დაჯარიმება გზის გადაკეტვის საფუძვლით. დაფიქსირდა კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო ჟურნალისტების შევიწროებისა და სამსახურიდან გაშვების შემთხვევებიც"- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საჯაროდ გავრცელებული ინციდენტების სრული სია იხილეთ ბმულზე.
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ეს დღე 1993 წლის 21 მარტს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.
ამ თარიღს სიმბოლური დატვირთვა აქვს. პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთი” სწორედ ამ დღეს დაარსდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით კი 21 მარტს გამოიცა.
გააზიარეთ :