პოლიტიკა
,,ერთდროულად წკეპლა და ნაზუქი“ – ახალციხეში რუსულ პოლიტიკას აფასებენ
ახალციხის საჯარო სკოლებმა რესურსცენტრისგან რეკომენდაცია მიიღეს. განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა სკოლებში წითელი ყელსახვევების გამოყენების ფაქტების შესწავლა ოთხი თვის შემდეგ დაასრულა. აუდიტის დასკვნაში წერია.
,,საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებისთვის წითელი ყელსახვევების გაკეთება იდენტიფიცირებული იყო როგორც საბჭოთა კავშირში არსებული ბავშვთა პიონერული ორგანიზაციის სიმბოლიკა. არ დაუშვათ და აღმოფხვერით კომუნისტური, ტოტალური და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენება და გაატარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები".
სკოლის დირექტორები რეკომენდაციის მიღებას ადასტურებენ.
,,მივიღეთ რეკომენდაცია, თუმცა ახლა არ შემიძლია ლაპარაკი“ – აცხადებს მესამე სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა.
,,გვითხრეს, რომ ეს არის საბჭოთა სიმბოლიკა და არ უნდა გამოვიყენოთ არავითარ შემთხვევაში“ – აცხადებს პირველი სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური.
ახალციხის სომხურენოვან მესამე და ქართულენოვან მეხუთე საჯარო სკოლებში 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. "ანბანის გაცილებისთვის" მოწყობილ ზეიმზე, მოსწავლეებს კისერზე წითელი ყელსახვევები გაუკეთეს. საბჭოთა სიმბოლოების გამოყენების და ზოგადად რუსული გავლენების გაძლიერების შესახებ საუბრობენ მესამე სექტორში. ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე ფიქრობს, რომ ვექტორის ცვლილება სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია.
,,თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი მინისტრთა კაბინეტის უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა ან იქიდან არის ჩამოსული, შესაძლოა გარკვეული პირადი ინტერესებიც იკვეთებოდეს. სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ დგას ამ მიმართულებით თავის სიმაღლეზე. შესაბამისად, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლება უფლებას აძლევს ამ ადამიანებს, ღიად აწარმოონ ფაქტობრივად როგორც ეკონომიური, ასევე ფიზიკური საფრთხის შემცველი ქვეყნის პროპაგანდა“ – აცხადებს გიორგი ანდღულაძე.
ქვეყანაში შეცვლილი ვითარება არასახარბიელოა, მაგრამ ყველაზე საგანგაშო მაინც მოსახლეობის დამოკიდებულებაა – მიაჩნია საზოგადოებრივ ორგანიზაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელს. ცირა მესხიშვილი საქართველოში გაუარესებულ სოციალურ ფონზე ამახვილებს ყურადღებას.
,,ყველაზე მეტად მანერვიულებს ის ფაქტი, რომ ხალხს პროტესტის გრძნობა აღარ აქვს. პროტესტმა დაიწია, რეგიონები სხვა პრობლემებზე არიან გადართული. სოციალური პრობლემები წამოვიდა წინ. ეს ყველაფერი არის ძალიან მიზანმიმართული, რომ ადამიანმა იფიქროს ლუკმა–პურზე და ქვეყნის ბედი აღარ გაინტერესებდეს. ხვალ მე ბანკის ვალის გადახდის დრო მომივიდა, მე ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს ლარის კურსი, რომელიც დოლარზე უნდა გადავიხადო. სოციალურ დისკრიმინაციას მოაქვს ადამიანების გადაგვარება. კუჭზე გადის ყველაფერი, ძალიან ცუდი მოსასმენია, მაგრამ ასეა“ – აცხადებს ცირა მესხიშვილი.
სკოლებში ყელსახვევების გამოყენება არაინფორმირებულობის შედეგია – ფიქრობს ახალციხის გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ მოქალაქეების მიერ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები სახელისუფლებო პოლიტიკამ განაპირობა.
,,არ ვეთანხმები ამ საქციელს, ყველანი უნდა ვიყოთ ჩართული, რომ რამე გლახა არ გამოვიდეს და გლახა არმოხდეს“ .
,,დიდი დანაშაული არ არის, ევროპაშიც უკეთიათ და ამერიკაშიც ზოგიერტ სკოლებში, ოღონდ სხვადასხვა ფერები“.
,,რუსული სიმღერები ნამდვილად არ არის სასურველი, მაგრამ ყელსახვევის წინააღმდეგი არ ვარ“.
,,მთავრობის ბრალია, თორემ ზვიადის ან მიშას დროს ვინ გაბედავდა მაგას, რომ რუსული სიმბოლიკები, ვარსკვლავები და დროშები გამოეტანათ? ეგ არის მიზანმიმართული, რომ ევროპაში არ შევიდეთ“.
,,რუსეთმა ისევ დაიწყო ბერკეტების ამუშავება. ერთდროულად წკეპლისა და ნაზუქის მიცემა, ვითომ კარგია პუტინი და ბოლომდე სანქციებს არ დაგვადებს“ - აცხადებენ ახალციხეში.
ბოლო პერიოდში სამცხე–ჯავახეთში საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენებისა და ზოგადად რუსული პროპაგანდის ელემენტები გახშირდა. 9 მაისს უკვდავი პოლკის მსვლელობა პირველად მოეწყო ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, 26 მაისს ანბანი წითელი ყელსახვევებით პირველკლასელებმა ახალციხის ორ სკოლაში გააცილეს, რეგიონში დაფუძნდა საქართველო – რუსეთის ურთიერთობების რეგულირებაზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,მეგობრობა და ერთობა“, რომლის გახსნაზეც ვლადიმერ ხომერიკი ჩამოვიდა. ასევე ბოლო ოთხ წელიწადში რეგიონში 1–დან 80–მდე გაიზარდა იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უმაღლესი განათლების მიღება რუსულ უნივერსიტეტებში არჩიეს.
გააზიარეთ :