,,ჩვენ ამ "პოლიტიკურ წვალებას" გავაგრძელებთ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით" - ოპოზიცია შეხვედრას აფასებს
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, მოძრაობა „შენების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრით 2020 წლის არჩევნების შესახებ დახურული კარი გაიხსნა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მმართველო გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„დღეს შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი. მათ არ სურდათ არანაირი ლაპარაკი და ამბობდნენ, რომ ყველაფერი მორჩა. ქართველი ხალხის, პროტესტის მონაწილეების, ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი მოქმედებებით ეს კარი გაიხსნა და ეს არის კარგი. მეორე - ეს კარი დღეს არ დახურულა, ეს დიალოგი დღეს არ დამთავრებულა, მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ ეს არ დავუშვით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ პროტესტი გაგრძელდება. მისი თქმით, ისინი დიალოგის გაგრძელების მომხრეები არიან და ამასთან ერთად იქნება ქუჩის პროტესტიც. ბოკერიამ ისიც აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ორი საკითხი - ე.წ. გერმანული მოდელი და "გავრილოვის ღამის" პატიმრების საქმე განიხილეს.
"პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, სანამ არ იქნება შედეგი, სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც დაპირდა ივანიშვილი და მისი გუნდი გავრილოვის ღამისა და დაღვრილი სისხლის შემდეგ და რაზეც გადააგდო მთელი საზოგდოება. რაც შეეხება ამ დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ დიალოგის გაგრძელების, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად, ისინი იმსახურებენ "პოლიტიკურ წვალებას" და ჩვენ ამ "პოლიტიკურ წვალებას" გავაგრძელებთ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, ვიდრე საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა და რის დაცვასაც აპირებს პროტესტით გარეთ", - განაცხადა ბოკერიამ.
საპროტესტო აქციები გაგრძელდება ზუსტად ისე როგორც იყო, იმიტომ რომ არაფერი ჩვენ არ გაგვიგია ისეთი, რაც საპროტესტო აქტივობას შეანელებს, ან გახდის არასაჭიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. რაც შეეხება საკითხს, განაგრძობენ თუ არა, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს კვლავ პიკეტირებას, აღნიშნულთან დაკავშირებით ვაშაძე აცხადებს, რომ „ამაზე დაილაპარაკებენ“.
„ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არიან შუამავლები, ამიტომ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ რამე შემოთავაზება გარდა იმისა, რომ ყველას სურს საქართველოში იქნებ დამკვიდრდეს ნორმალური პოლიტიკური კულტურა, როცა იდეოლოგიური განსხვავებები სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობის მიზეზი არ არის. რაც შეეხება სამართლებრივ არგუმენტებს, თქვენ არაერთხელ გაქვთ მოსმენილი ირაკლი კობახიძისგან ტელევიზიის მეშვეობით, სადაც მთავარი არგუმენტი არის ის, რომ „არ მომწონს და ეს არ არის კონსტიტუციური“. ის, რომ მორალური და პოლიტიკური ვალდებულება ჰქონდათ აღებული პროპორციული არჩევნების ჩატარების, რასაც ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კინაღამ სიცოცხლე შეეწირა, ამაზე არ საუბრობენ. კარგი ბატონო, კონსტიტუციის შესწორება ვერ გაიტანეთ, ან თქვენ თვითონ ჩააგდეთ, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, აგერ გთავაზობთ კომპრომისულ წინადადებას, რომელსაც არ სჭირდება კონსტიტუციის გადახედვა და გადასწორება“, - განაცხადა ვაშაძემ.