„ხალხის ძალა" - სუბარმა, ყაველაშვილმა, ხუნდაძემ და მაჭარაშვილმა მოძრაობა დააფუძნეს
„ქართული ოცნების" ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა - სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა ახალი მოძრაობის დაფუძნების შესახებ განცხადება გაავრცელეს. საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდებაა „ხალხის ძალა", რომლის მიზანიც, დამფუძნებლების განცხადებით, „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" იქნება.
„უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ომის საფრთხის მთავარი ფაზა ქვეყანამ უკვე გადალახა, ეს საფრთხე კვლავაც აქტუალურია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის დასაცავად სრული მობილიზაციაა საჭირო. საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მობილიზებული იმისათვის, რომ ქვეყანას საბედისწერო ომი აარიდოს თავიდან, რაზეც პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება", - ნათქვამია განცხადებაში.
მოძრაობის დამფუძნებლები პარტიის ჩამოყალიბებასაც არ გამორიცხავენ. „საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, არ გამოვრიცხავთ, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიადაც გარდავქმნათ", - აცხადებენ პოლიტიკოსები.
მოძრაობა, რომელიც პარლამენტის დეპუტატების გარდა, საკრებულოს წევრებს აერთიანებს, აცხადებს, რომ „მმართველი პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი გახდა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე, რომლის პროვოცირების მცდელობაც იმავე გარე ძალებს უკავშირდება. მიგვაჩნია, რომ ომის საფრთხე ახლაც რეალურია და მისი თავიდან აცილების გარანტია მხოლოდ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებამ შეიძლება შექმნას".
განცხადების ბოლო ნაწილი ახალი მოძრაობის დამფუძნებლები კვლავ საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შესახებ წერენ. ისინი დიპლომატს რამდენიმე დღის წინ დასმულ შეკითხვებს ახსენებენ და აცხადებენ, რომ „ამერიკის ელჩს ამ კითხვებზე შეეძლო მარტივი პასუხების გაცემა, რაც საზოგადოებას დაარწმუნებდა, რომ: საელჩო არ ცდილობს სასამართლოზე არაფორმალური, კლანური გავლენის მოპოვებას; საელჩო არ ცდილობს ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას; საელჩოს არ სურს საქართველოს ომში ჩართვა; საელჩო არ ცდილობს საქართველოს ომში ჩასართავად ბიძინა ივანიშვილის ღია თუ ფარული არხებით დაშანტაჟებას".
მოძრაობის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მათი „ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არა დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმა, არამედ სწორედ რომ საქართველოში დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაცვა და გადარჩენაა".
28 ივლისს „ქართული ოცნება" დატოვა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და კოლეგებს - სოზარ სუბარს, მიხეილ ყაველაშვილს და დიმიტრი ხუნდაძეს შეუერთდა. მმართველი პარტიიდან წასვლის მიზეზად პარლამენტის წევრებმა „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" დაასახელეს.