გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და დარეგისტრირდნენ - ლაშა ჟვანია ისრაელში მყოფ ქართველებს მიმართავს
ჩვენი მოქალაქეების 90% საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრირებული არ არის, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და დარეგისტრირდნენ, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა,
,,ჩვენი მოქალაქეები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ საკონსულოს აღრიცხვაზე დადგნენ. ვინც ასეთ აღრიცხვაზე დგას, ჩვენ გვაქვს მათთან ტელეფონით წვდომა. ჩვენი მოქალაქეების 90% რეგისტრირებული არ არის საკონსულო აღრიცხვაზე, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, ხვალ გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და დარეგისტრირდნენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მარტივი წვდომა გვექნება მათთან.
რეგისტრაციისთვის საბუთის მოწესრიგება საჭირო არ არის. საკონსულოში რეგისტრაციისთვის საჭიროა საქართველოს პასპორტი, ფოტო სურათი. მისი ლეგალური ან არალეგალური ყოფნა ისრაელის სახელმწიფოში ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს მოქალაქე“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
პარასკევს, 13 ოქტომბერს, ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობას ტერიტორიის უახლოეს 24 საათში დატოვებისკენ მოუწოდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ღაზას სექტორში 423 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა თავისი სახლები. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს 1300 ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი იყო.