სოფელ აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობისას აღმოჩენილი ძვლები დაკრძალეს.
ათეულობით ადამიანის ნეშტი ერთად შეგროვდა და საერთო საძვალეში მოთავსდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ეპარქიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საერთო საფლავისთვის ადგილი ტაძრის წინ შეირჩა. დაკრძალვის წინ მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ახალციხისა ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა
მეუფე თეოდორემ აღავლინა.
ტაძრის ეზოში ადამიანთა ძვლები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მშენებლებმა მიწა ტრაქტორით მოასწორეს.
აწყვიტის მაცხოვრის სახელობის ტაძარი მოქმედია. ეკლესიის წინამძღვარი მამა აკაკი რევიშვილია.
"საფლავის არსებობის შესახებ არ ვიცოდით, რადგან ეზოში არაფერი ჩანდა" - ამბობს "მეცხრე არხთან" მამა აკაკი.
"ერთი-ორი საფლავი კი იყო ეზოში, მაგრამ ასეთი მასშტაბური თუ იქნებოდა არავინ იცოდა" - აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი და ამატებს, რომ ძვლების გამოჩენის შემდეგ სამუშაოები შეჩერდა და მამა აკაკიმ ადამიანთა ნეშტი ადგილობრივებთან ერთად სათითაოდ შეაგროვა.
"ხევში რომ ნახეს ძვლები, ეგ ალბათ მიწას გაჰყვა, თუმცა იქიდანაც ამოვიტანეთ" - ირწმუნებიან ადგილობრივები. მათივე ვარაუდით, აქ ან თურქების მიერ ჩახოცილი მოსახლეობის ნეშტი იყო დაკრძალული, ან კომუნისტების დროს დახვრეტილი ადგილობრივების.
ტერიტორიაზე გალავნის მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მეთვალყურეობით გაგრძელდება. სააგენტოს ინფორმაციით, უკვე მუშავდება პროექტი, რომლის განხორციელებაც სააგენტოს სპეციალისტების მეთვალყურეობით წარიმართება.
ტაძარს არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ის XXI ს-ის დასაწყისშია აღდგენილი და დღევანდელი მდგომარეობით ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. გასულ საუკუნეებში სამხრეთის ნავის არსებობას, სამხრეთის კედელში გაკეთებული ჩრდილოეთის პარალელური თაღიც მიუთითებს, რომელიც ამჟამად ამოშენებულია.
ამ ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია პროცედურები, რაც ახლო მომავალში აწყვიტის მაცხოვრის სახელობის ეკლესისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.