თანაკლასელის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 5 დეკემბერს, იმსჯელებს.
გალუსტ მკრტიჩიანს გამოძიება ხაჟაკ ტოროსიანის
მკვლელობას ედავება. სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ–ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულის ადვოკატის ავთო თელიაშვილის განმარტებით, ახალციხის რაიონული სასამართლო დღეს ბრალდებულისთვის პატიმრობის სტატუსზე იმსჯელებს, ხოლო საქმის არსებითი განხილვა მოგვიანებით გაიმართება.
,,კლასელებს შორის ურთიერთობა დაახლოებით ექვსი თვის წინ დაიძაბა, როცა მეგობრებს ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდათ. მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამის გამო დაღუპული გასამართლებულიც იყო. ამის შემდეგ მათ შორის ინციდენტები მუდმივად ხდებოდა. სასამართლომ ტოროსიანი გაამტყუნა და ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც დააკისრა" – განმარტავს ,,მეცხრე არხთან" ავთო თელიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ფოკის ცენტრში, 3 დეკემბერს მოხდა, რასაც მოგვიანებით სოფელში არეულობა მოჰყვა. გვიან ღამით შურისძიების მიზნით მკვლელობაში ბრალდებულის
სახლები და ავტომობილები მოკლულის ნათესავებმა გადაწვეს.
შურისძიებაში 300-მდე ადგილობრივი მონაწილებდა. გვიან ღამით სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, გალუსტ მკრტიჩიანის ოჯახის წევრები და ნათესავი სოფლიდან გაეხიზნათ.