სამართალი
„ერთი ომის გადატანა კიდევ მოგვიწევს“ - მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში
მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან 10 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ექსპერტიზა ახალციხელი ექთნის გარდაცვალების ზუსტს მიზეზს ჯერ კიდევ ვერ ასახელებს. დასკვნის დადებას ოჯახის წევრებთან ერთად ელოდებიან ის ექიმებიც, რომლებიც ბაქრაძის საქმეში ფიგურირებენ.
ექიმი რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური ვარაუდობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროვების შემდეგ, მედიკოსებს საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი აგრესიის ტალღის გადატანა მოუწევთ.
„ყველა ველოდებით დასკვნას. ალბათ მოგვიწევს დასკვნის გამოქვეყნების მერე კიდევ ერთი ომის გადატანა. შეიძლება ისეთი დასკვნა მოვიდეს, რომ ხალხს არ მოეწონოს, ან ეჭვი შეიტანოს. ხალხს ისედაც ყველაფერში ეჭვი შეაქვს. ვუყურებ და ვხედავ, რომ ყველაფერზე ცდილობენ ხელი შეგვაწმინდონ. ასეთ სიტუაციაში მუშაობა ძალიან რთულია. ყოველდღიური სტრესია. სანამ არ გამოცდიან თავიანთ თავზე, ძნელია მიხვდე იმ მომენტში რა როგორ არის, რა ხდება და რასთან გიწევს ბრძოლა.
ორი ვარიანტია, ან დაბრალდება ვაქცინაციას ან მედიკოსებს. მე პირადად რამდენიმე ვარიანტი კიდევ შემიძლია ჩამოვთვალო, რის გამოც შეიძლება ეს მომხდარიყო, მაგრამ წინასწარ არაფერს ვიტყვი. დაველოდოთ დასკვნას“ - ამბობს გიორგი აფციაური.
როდის დადგინდება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ ჯერ არ იციან.
„პრაქტიკიდან გამომდინარე, მიჩნეულია 45 სამუშაო დღე, მაგრამ თუ ექსპერტიზის წინაშე ექსპერტიზას აქვს დასმული ისეთი კითხვები, რომ საჭიროა კომპლექსური ან კომისიური ექსპერტიზის ჩატარება, ამ შემთხვევაში ვადა განსაზღვრული არ არის, როცა დასრულდება დასკვნა, მაშინ გაიცემა. ყოფილა შემთხვევა, რომ 1-2 წელიწადი დასჭირვებია“ - ამბობენ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 18 მარტს, კლინიკა „იმედის“ ექთანმა მეგი ბაქრაძემ ამავე სამედიცინო დაწესებულებაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა ექიმი რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური, რადგან კლინიკის დავალებით იგი ექიმ ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე წავიდა.
გააზიარეთ :