არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის, 51 წლის მამაკაცს ასამართლებენ
არასრულწლოვნებთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის 51 წლის მამაკაცს ასამართლებენ.
გამოძიება ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის მე–18 მუხლით – დანაშაულის მომზადებას და 140 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას, მამათმავლობას, ლესბოსელობას ან სხვაგვარ გაუკუღმართებული ფორმით სექსუალურ კონტაქტს გულისხმობს.
წინასასამართლო სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 26 ივნისს გაიმართა. ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს.
დაკავებულმა თავი დამნაშავედ ნაწილობრივ ცნო და აღნიშნა, რომ დანაშაული წინასწარ არ დაუგეგმავს და არც მამათმავლობას ჰქონია ადგილი.
იმის გამო, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხება, დაზარალებულები არასრულწლოვნები არიან და მოწმის სახითაც 16 წელს მიუღწეველი პირები უნდა დაიკითხნონ, პროკურორმა სასამართლო სხდომების სრულად დახურვა მოითხოვა. მამუკა ქომოშვილს დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატიც. მოსამართლე ლუიზა თოდუამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორი და ადვოკატი საქმის სხვა დეტალებზე მედიასთან არ საუბრობენ. მხარეებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ მათ შორის მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს.
1966 წელს დაბადებულ მამაკაცს ირანში მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. იგი ახალციხეში, ერთ–ერთ საწარმოში მუშაობდა.