„ძველი ავტომობილების შემოყვანა აუცილებლად უნდა აიკრძალოს“ - ამის შესახებ კონფერენციაზე „ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შეფასება“
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება შესაძლოა, მტკივნეული იყოს, თუმცა დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვა გამოსავალი არ არსებობს.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით კი, საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში
ახალ საკანონმდებლო ინიციატიავებზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის დაძველებული ავტომობილების შემოდინების შეზღუდვაზე.
„ვმუშაობთ, რომ დაწესდეს შეზღუდვა და ძველი მანქანების შემოდინება როგორმე შევაჩეროთ. ასევე შევზღუდოთ მაღალძრავიანი ავტომობილების შემოყვანაც, რადგან ხშირ შემთხვევაში 5.0 ძრავით შემოყვანილი მანქანები გადაჰყავთ გაზზე და ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. სწორი ფორმაა მოსაფიქრებელი ამ კუთხით” - განაცხადა კახა კუჭავამ.
1 ივლისიდან სავალდებულოა სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების
ტექდათვალიერება.
იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყების მფლობელობაში სულ 75 ათასი ავტომობილია. ამ დროისთვის,
ტექინსპექტირება იურიდიული და სახელმწიფო უწყებების კუთვნილმა 900-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. აუდიტის კვლევის მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% მანქანებზე მოდის.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში 2018 წლის პირველ იანვარს დაიწყო და 4 ეტაპად ხორციელდება.
2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
2018 წ. 1 ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება;
2018 წ. 1 ოქტომბრიდან M1 - 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება;
2019 წ. 1 იანვრიდან - M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ისნპექტირება;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით უკვე მოქმედებს 37 თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ინსპექტირების ცენტრი 80 ხაზით.