ქალთა მიმართვიანობამ, რომლებიც პარტნიორების ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, 60%-ით მოიმატა - ჯანმო
პანდემიის დროს სამსახურების დაკარგვის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების ზრდის, სტრესის და შიშის ნაკვალევი, შესაძლოა, ჩვენს შორის წლობით დარჩეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლიუგემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპაში, კარანტინის რეჟიმში ოჯახში ძალადობა საგანგაშოდ გაიზარდა.
„საზარელი მონაცემებია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აცხადებენ, რომ იმ ქალთა მიმართვიანობამ, რომლებიც პარტნიორების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, 60%-ით იმატა“, - აღნიშნა კლიუგემ.
ცნობისთვის, ევროპის ქვეყნებში გაზრდილი ოჯახური ძალადობის გამო, რამდენიმე ქვეყანამ გარკვეული ზომები მიიღო. იტალიაში სპეციალური აპლიკაცია შექმნეს, რომლის მეშვეობითაც მსხვერპლს შეუძლია პოლიციას სატელეფონო ზარის გარეშე დაუკავშირდეს.
ესპანეთში და საფრანგეთში, ქალები აფთიაქებში კოდურ სიტყვებს იყენებენ, რომლითაც ძალადობის იდენტიფიცირება ხდება. ბელგიაში რამდენიმე სასტუმრო ქალთა თავშესაფრად გადაკეთდა. თავშესაფარი გაიხსნა ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობის ერთ-ერთ ფლიგელშიც.