მტრის ზურგში გადავდიოდით და სიტუაციას ვზვერავდით - მოგონებები ფრონტიდან
21:36 / 09.05.2020
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ყოველწლიურად, სულ უფრო ნაკლები თვითმხილველი ხვდება. სამცხე-ჯავახეთში 16-მდე შემცირდა იმ ვეტერანების რაოდენობა, რომლებსაც ნამდვილი ამბების მოყოლა შეუძლიათ.
ბევრი დეტალი აღარ ახსოვთ, ან არ უნდათ, რომ მძიმე წლები გაიხსენონ, რადგან ნამდვილად მძიმეა 97 წლის დავით გოჩაშვილისთვის იმის გახსენება, რომ ომში წასული ხუთი ძმიდან, უკან მხოლოდ სამი დაბრუნდა. იმაზეც უჭირს საუბარი, სკოლის დასრულებითანავე როგორ მიაჩეჩეს 17 წლის, უწვერულვაშო ბიჭს ხელში მძიმე ავტომატი, რომლითაც სამშობლო მტრისგან უნდა დაეცვა.
ფრონტზე გამგზავრებამდე, 1942 წელს, დავით გოჩაშვილი ქუთაისში წაიყვანეს, სადაც მასსავით გამოუცდელებს იარაღის ხმარებას და გადარჩენისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ასწავლიდნენ.
გამოუცდელი მეომარი თავიდანვე ტყვედ ჩავარდა. აწყურელი ბიჭი მხოლოდ მისმა გამბედაობამ გადაარჩინა.
„პირველ წელსვე „პლენად“ მოვხვდი. ტყვეეები მატარებლით მივყავდით, გავბედე და გადმოვხტი. ტრავმა მივიღე, მაგრამ ასე შევძელი გამოქცევა“, - იხსენებს ვეტერანი.
დავით გოჩაშვილის ომის სამწლიანი ქრონიკა ყაბარდო-ბალყარეთში დაიწყო და უკრაინაში გაგრძელდა.
„მზვერავების ასეულში ვიყავი, მტრის ზურგში გადავდიოდით და სიტუაციას ვზვერავდით“.
სამშობლოში 1945 წელს დაბრუნდა, თუმცა ომმა ორი ძმა წაართვა. თევდორე ავსტრიაში, ილია კი უკრაინაში იბრძოდა. მათ შესახებ ონფორმაცია ოჯახს არ აქვს. უკან არც ერთი დაბრუნდა.
მეორე მსოფლიო ომში მიღებული ჭრილობა, დღემდე თავს ახსენებს მისაკ ავეტისიანს. ვეტერანს ხელყუმბარის ნამსხვრევები ფეხიდან ვერ ამოუღეს. ის ერთ-ერთია საქართელოს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ქვეყნიდან ფრონტზე წაიყვანეს.
„მამაჩემი საქარველოდან გაყვანილ პირველ ბატალიონში იყო. მასთან ერთად სოფელ უდიდან, არლიდან იყვნენ ბიჭები, დღემდე აქვთ ურთიერთობა. თავიდანვე უკრაინაში, ჩერნიკოვოში წაიყვანეს. უფროსი სერჟანტი იყო. საქართველოში 1947 წელს დაბრუნდა, ომის დამთავრების შემდეგ, ორი წელი ჩრდილოეთ კავკასიაში დატოვეს. ფეხში დაიჭრა, ახლაც სტკივა ხოლმე, ხანდახან უშუპდება. ის შემდეგ ომში მისი ძმა წაიყვანეს, რომელიც უკან არ დაბრუნებულა. მის შესახებ არაფერი ვიცით, არც წერილი მოგვსვლია“, - გვიყვება ვეტერანის შვილი ლევონ ავეტისინი.
98 წლის მისაკი სოფელ წყალთბილაში ცხოვრობს. მოგონებების და ფეხზე ჭრილობის გარდა, მეორე მსოფლიო ომიდან 45-მდე მედალი დარჩა.
სააკ მიქაელიანს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლის დაწყებული ჰქონდა, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. 19 წლის ახალციხელი ბიჭი ბიძაშვილთან ერთად, ფრონტის წინა ხაზზე 1941 წლის ზაფხულში მოხვდა. ომში კავშირს უზრუნველყოფდა.
ახლა 98 წლისაა, ახალციხეში შვილთან ერთად ცხოვრობს. ცალ ყურში სმენა 1944 წელს, ხელყუმბარის აფეთქების დროს დაკარგა, ახლა მეორე ყურშიც აღარ ესმის, ამიტომ 75 წის წინანდელ ამბებს მისი შვილი გვიყვება. სვეტლანამ მამის მოგონებები ერთ რვეულში აკინძა.
„ძალიან საინტერესო დეტალებს გვიყვებოდა. ხუთი წლის განმავლობაში, არაერთ ქალაქში - კელინსბერგში, ლენინგრადში, ბერლინში მოუწია ბრძოლა. ნინოწმინდელ ბიძაშვილთან ერთად იყო, ფაილაკა ჰქვია მას. 1945 წელს, როცა ომი დამთავრდა, ბერლინში იყო, ომის დასრულების შემდეგ, ერთი წელი კიდევ დატოვეს და საქართველოში 1946 წელს ჩამოვიდა. რომ ჩამოვიდა დედაჩემი მალევე მოიყვანა ცოლად“, - გვიყვება სვეტლანა მიქაელიანი.
95 წლის ვართან გუკასიანი ქალაქ ახალციხეში ცხოვრობს. ფრონტის წინა ხაზზე არ ყოფილა, თუმცა მისი მოყოლილი ისტორიები ომის სისასტიკეზე ოჯახის წევრებს კარგად ახსოვთ.
1941-45 წლებში თუმანიანის დივიზიაში მსახურობდა. მისი მეგობრები ცხელ წერტილში წაიყვანეს, თავად კი სომხეთ-თურქეთის საზღვარზე ყოფნა მოუწია.
„იხსენებდა, ძალიან მძიმე წლები იყოო, ხშირად მშივრებიც ვიყავითო. მაგ დროს მამაჩემი გარდაიცვალა და რა თქმა უნდა არ გამომიშვესო“, - გვიყვება რიფსიმე გუკასიანი, მისაკის რძალი.
ამ ოთხი ვეტერანის გარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტს მეორე მსოფლიო ომის მეხუთე მოანაწილეც ჰაყვს. ნესტორ ოქრომელიძე ახლა 94 წლისაა და სოფელ მუსხში ცხოვრობს.
დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წელი გავიდა. 9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლების სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ.
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისის მასშტაბური აღნიშვნა ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.