დიდთოვლობის გამო, გზებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა და ახლაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დიდთოვლობის გამო, გადაადგილების სპეციალური რეჟიმები შემდეგ საავტომობილო გზებზე მოქმედებს:
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპატრამენტის მიერ გავრელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.