საზოგადოება
სამხედრო მობილიზაცია რუსეთში - ტოვებენ თუ არა ქვეყანას ახალქალაქელები?
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია ცხადდება, რომლის ფარგლებშიც მობილიზაციას 300 000 რუსეთის მოქალაქე დაექვემდებარება.
რუსეთში მცხოვრები ახალქალაქელები პუტინის გადაწყვეტილებას განსხვავებულად ხვდებიან. მათი ნაწილი ამბობს, რომ პანიკის მიზეზი არ არსებობს, რადგან მობილიზაცია მხოლოდ რუსეთში დაბადებულ და რუსულ ჯარში მომსახურე მოქალაქეებს შეეხებათ. თუმცა არიან ოჯახები, რომელთა შვილებიც უკვე რუსეთში დაიბადნენ და ჯარის ასაკს მიაღწიეს. ისინი ცდილობენ შვილებთან ერთად რუსეთი დატოვონ.
„რა თქმა უნდა, საშინელებაა. სამხედრო ასაკის, 18 წლის ვაჟი და 19 წლის ძმისშვილი მყავს. ჩემს შვილს პასპორტი არ აქვს. როგორც კი შევძლებ სასწრაფოდ დავაბრუნებ ახალქალაქში“, - ამბობს ს.მ.
რუსეთში მყოფი ახალქალაქელები აღნიშნავენ, რომ მათ საახლობლოში უკვე მიიღეს გამოძახების შესახებ შეტყობინება. ამიტომ თვლიან, რომ დიდი შანსია, მობილიზაციის ფარგლებში ისინიც გაიწვიონ.
„საქართველოში მოვდივარ. ყოველთვის არის შანსი, რომ დამიძახონ. ჩემმა ზოგიერთმა მეგობარმა უკვე მიიღო გამოძახება... არ ვიცი რას ვიზამ თუ დამიძახებენ, მაგრამ ომში წასვლა არ მინდა. გავივლი კონსულტაციას მეგობრებთან, ნაცნობებთან და ა.შ... რა თქმა უნდა, ვიღაც პანიკაშია და თმა ყალყზე უდგება, ვიღაც შეგნებულად და პანიკის გარეშე ხვდება, მაგრამ მაიინც სასწრაფოდ ტოვებენ ქვეყანას“, - ამბობს მოსკოვის მკვიდრი, რომელმაც ადგილობრივ უნივერსიტეტში სამხედრო ფაკულტეტი დაამთავრა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთიდან სხვა ქვეყნებს მიმართულებით ავიაბილეთები მოკლე ხანში გაიყიდა. იმავე საღამოს, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, საცობები წარმოიქმნა ავტომობილებისგან, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ტოვებდნენ.
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, მათ, ვინც გაწვევას მიიღებენ, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალებათ. სამხედრო წვრთნაზე გამოუცხადებლობა კი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათ წლამდე, დეზერტირობა - 15 წლამდე, ხოლო საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - სამ წლამდე პატიმრობით.
წყარო: Jnews.ge
გააზიარეთ :