სათამაშო ბიზნესს გადასახადები გაეზარდა
სათამაშო ბიზნესს გადასახადები გაეზარდა. კერძოდ, 2024 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც ეხება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობი პირებისა და მოთამაშის მიერ სათამაშო ანგარიშიდან ან სალაროდან გატანილი თანხების დაბეგვრის საკითხებს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სათამაშო აპარატების მომწყობ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის ნაწილში განისაზღვრა გადასახადის განაკვეთი და შეადგენს 15%-ს, ხოლო გადასახადის გადახდის და დეკლარირების საანგარიშო პერიოდად კალენდარული თვე განისაზღვრა.
„ცვლილების მიხედვით სათამაშო აპარატების თამაშობებში (რომელიც არ არის მოწყობილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით) მონაწილე პირის მიერ თამაშობაში მონაწილეობის შედეგად გატანილი თანხა იბეგრება გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. გატანილი თანხების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება კი ეკისრება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირს, რომელიც მოთამაშეზე გასცემს თანხას.
ამასთან, ცვლილება შევიდა აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთებში და ნაცვლად 10%-სა განისაზღვრა 15%-ით.
ასევე შეიცვალა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირთათვის და ნაცვლად 2%-სა განისაზღვრა 5%-ის ოდენობით,“- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.