ადიგენის მუსლიმთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა ბათუმში
საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმში. მუსლიმი მრევლი ადიგენში მომხდარი ფაქტის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს. ბათუმის მეჩეთთან შეკრებილები ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებს სოლიდარობას უცხადებენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ. აჭარაში მცხოვრები მუსლიმები მომავალ კვირას ადიგენში წასვლასაც გეგმავენ.საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმში ხელისუფლებას კონსტიტუციის დაცვა მოსთხოვეს, რომელიც რელიგიის თავისუფლებას და თანასწორობას იცავს.
დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.
შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ბათუმის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართეს – ამ დრომდე 8 მარტს მომხდარი დაპირისპირებაზე გამოძიება არ დაწყებულა.