საზოგადოება
აქაურებმა ეს მთა კარგად იციან, მაგრამ ბედისწერას ვერ გაექცევი - ვინ არის ბაკურიანელი დიტო გოგოლაძე
ბაკურიანში სამძებრო სამუშაოები რთული ხილადობისა და ნისლის გამო დროებით შეჩერებულია, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, სამძებრო–სამუშაოები მაშინვე განახლდება - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
1976 წლის 18 ოქტომბერს დაბადებული დიტო ბერიძე მთიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ 28 მარტს, დღის პირველ ნახევარში მოიყოლა. ადგილზე იმყოფება შსს-ს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც, რომელმაც სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
ადგილობრივი ბიზნესმენი დიმიტრი (დიტო) გოგოლაძე ბავშვობიდან სპორტით იყო გატაცებული. მრავალი წელი თხილამურებზე იდგა. ბოლო პერიოდში კი უპირატესობას ბურანებით სრიალს ანიჭებდა.
,,ბავშვობის მეგობრები ბურანებით ყარაყალის მთის მიმდებარედ წავიდნენ, მაგ ადგილს ყველა კარგად იცნობს, თვითონაც სპორტსმენია და მისი მეგობრებიც. რომელი ბაკურიანელი არ არის სპორტსმენი? წინა დღითაც იყვნენ წასულები. როგორც მე ვიცი ეს უკან მოდიოდა და მთიდან წამოსულმა ზვავმა ქვეშ მოიყოლა“ -ამბობს ოჯახის ახლობელი მარინა ტაბატაძე.
დიმიტრი ამირანის ძე გოგოლაძე ბაკურიანში, ფარნავაზ მეფის ქ. N 28-ში ცხოვრობს. დაკავებულია ოჯახური ბიზნესით, ფლობს შპს ამირანს და ბაკურიანში ცნობილ ,,ამირანის პარკს“.
,,დიდი გეგმები ჰქონდა, 28-ში ბიჭის დაბადების დღე იყო, რომელიც სვანეთში ,,სლალომში“ ასპარეზობდა, შვილებისთვის სიურპრიზის მოწყობა უნდოდა. აქაურებმა ეს მთა ყველამ კარგად იცის, მაგრამ ბედისწერას ვერ გაექცევი. ბაკურიანში ეს უკვე მეოთხე ადამიანია, ზვავმა რომ მოიყოლა. ტაბაწყურის გზაზეც იყო მსგავსი შემთხვევები. მისი მეგობრები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, ყველა წასულია მოსაძებნად“ – გვიყვება ოჯახის ახლობელი და დიტოს მამის მეგობარი მალხაზ ლონდარიძე.
47 წლის მამაკაცი ბურანების ტურში ხშირად დადიოდა. მეგობრების თქმით, ,,შავ კლდესთან“ წინა დღესაც იყო. მეგობრები და ნაცნობები დაკარგულის პოვნის იმედს არ კარგავენ. ძებნის პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა, ვერტმფრენი და დრონები. დიტოს სპეციალური დეტექტორებით ეძებენ, სამუშაოები სიფრთხილით მიმდინარეობს, რადგან მცირე გაუფრთხილებლობამ, შესაძლებელია თოვლის მასის ხელახლა ჩამოშლა გამოიწვიოს და მაშველებისა და ადგილობრივების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
,,ეს პერიოდი ზვავსაშიშია, თოვლი დევს, მზე ადნობს და სველი თოვლი საშინელი ხმაურით მოდის. თან წინა დღეებში თოვდა და ქარი იყო. იმედია ბოლოს კვდება, მაგრამ რაც დრო გადის, ეს იმედიც გვეწურება, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ მესამე დღეს უნახავთ. ბაკურიანი პატარა დასახლებაა, აქ ყველა ყველას მეგობარია, ამიტომ არის რომ ყველა, ვისაც ასაკი და ჯანმრთელობა ხელს უწყობს, ორი დღეა დადის მის მოსაძებნად ნიჩბებით“ - ამბობს დიტოს მეგობარი გიორგი ქეშეშევი.
თოვლის მასაში მოყოლილ დიტო გოგოლაძეს ორი დღეა ეძებენ. დაკარგული მამაკაცის ახლობელი და მეზობელი ვახტანგ ზერეკიძე ამბობს, რომ დიტოს ოჯახში ყველა სპორტსმენია, რის გამოც უფრო მოულოდნელია 28 მარტის შემთხვევა.
,,როგორ მოუვიდა, რატომ მოუვიდა, მაგ ადგილს კარგად იცნობდა, გაოგნებულები ვართ.. მთელი ბაკურიანი ჩართულია მის ძებნაში. კარგი კაცი, კარგი მეგობარი, კარგი ადამიანი. დიტო, მისი დები, მისი შვილები - ყველა სპორტსმენია დიტოს ცოლის გარდა, ისიც იმიტომ, რომ აქაური არ არის. ლიანა გოგოლაძე, ცნობილი მოთხილამურე და სსრ კავშირის სპორტის ოსტატი, მათი მამიდა იყო. ამიტომ მისდევდა ყველა ამ სპორტს“ - ამბობს ვახტანგ ზერეკიძე.
ნუგზარ ქუთათელაძემ, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაშველთა რაოდენობა გაზრდილია. კარგი ამინდის შემთხვევაში, სამაშველო ოპერაცია ხვალ დილის 7 საათიდან განახლდება.
გააზიარეთ :