საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, ცოცხალი ძალა და ტექნიკა სტიქიის ზონაში პრევენციისთვის რჩება, რათა კერების ხელახლა გაღვივება არ მოხდეს. ამჟამად მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება.
ბორჯომის ხეობაში რჩება 300-ზე მეტი მეხანძრე - მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის - 600, თავდაცვის სამინისტროს - 100 და ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიების 50 თანამშრომელი, ასევე, 40 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა, 14 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების მსუბუქი და სატვირთო მანქანა, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი და ბელარუსის კუთვნილი ერთი ვერტმფრენი.
როგორც ცნობილია, საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მეორე ვერტმფრენი, „მი -8“ გუშინ, ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს წყალში
ჩავარდა. ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ვერტმფრენი მდინარიდან დღეს დილით ამოიყვანეს.