ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მისი მოწესრიგება მოსახლეობამ ერთი კვირის წინ მოითხოვა. სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს. დღესვე მიმდინარე პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დააკვირდნენ.
სოფელ კლდეში სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული არხის მოწესრიგება სოფლისათვის მნიშვნელოვანია, რადგან სასოფლო –სამეურნეო სავარგულების მორწყვა მხოლოდ ამ გზით ხდება.
სარწყავ წყალთან დაკავშირებულ პრობლემაზე სოფლის მაცხოვრებლები ტელეკომპანია “მეცხრე არხთან” ერთი კვირის წინ საუბრობდნენ. მათი თქმით, კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ “ჭალებში” საირიგაციო სისტემა გასაწმენდი იყო და ნაკვეთის მორწყვა ვერ ხერხდებოდა. ადგილობრივები იძულებულნი იყვნენ, ინდივიდუალურად, წყლის სატუმბი დანადგარები გამოეყენებინათ. მათი ნაწილი კი მხოლოდ ბუნებრივ ნალექზე იყო დამოკიდებული.
სოფელ კლდეში საირიგაციო სისტემის გაწმენდით სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკარებულოს თავმჯომარის მოადგილე დააკვირდა. გელა ნოზაძემ განმარტა, რომ სოფელში არსებული საირიგაციო სისტემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ იყო, თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნით სამუშაოები მაინც გამგეობამ განახორციელა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მტკიცებით, კლდეში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს, რათა არხი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მელიორაციის ბალანსზე გადავიდეს. ამის შემდეგ ერეთწოდებულ “ჭალებში” საირიგაციო სისტემის მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი, აღნიშნული სამსახური იქნება.
სოფელ კლდის ე.წ „ჭალებში“ არსებული საირიგაციო სისტემის საშუალებით ფერმერები 87 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს რწყავენ. მათი თქმით, თუ არხი სრულყოფილად მოწესრიგდება, მოსავლის რაოდენობა მნიშვნელოვნადც გაიზრდება.
|