მდინარე ფოცხოვის ადიდების შედეგად, ვალეში მოსახლეობას სახნავ–სათესი სავარგულები დაუზიანდა. წყალდიდობამ დამუშავებული ნაკვეთები და მრავალწლიანი ნარგავები წაიღო. მდინარის კალაპოტის შეცვლისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ადგილზე სპეციალური ტექნიკა გააგზავნა.
მდინარე ფოცხოვის სანაპიროსთან, პავლე ათუნაშვილის ოჯახს საკუთრებაში 4 მეასედი მიწის ფართობი აქვს. ამბობს, რომ 2 დღის წინ ნაკვეთში იმყოფებოდა და კომბოსტოს დასარგავად ნიადაგი მოამზადა. მეორე დღეს კი ფართობის ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო. ათუნაშვილი წყალდიდობის მიზეზად უხვ ნალექს ასახელებს. ამბობს, რომ გამოდარების შემდეგ, მთაში თოვლმა დნობა დაიწყო და მდინარე ფოცხოვიც მოულოდნელად ადიდდა.
ვალეში ამბობენ, რომ ფოცხოვის სანაპიროზე არსებულ მიწის ნაკვეთებს პრობლემა ყოველ გაზაფხულზე ექმნება. ადიდებული მდინარე კალაპოტს იცვლის, ფართობებს ტბორავს და ნათესებს ანადგურებს. მდინარის კალაპოტის შეცვლისთვის, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვალეში სპეციალური ტექნიკა გააგზავნა. თუმცა მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან აქ მყარი ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში, საფრთხე 100–ობით ჰექტარს ემუქრება.
მდინარის სანაპიროებზე არსებული მიწის ფართობების შესანარჩუნებლად, უფრო მყარი ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება რომ აუცილებელია, ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაშიც ადასტურებენ. თუმცა ვალეში არსებული პრობლემის მიზაზად, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, წლების წინ მოსახლეობის დაუდევრობას ასახელებს. ნოდარ ბალახაშვილის თქმით, ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე ტექნიკა სარწყავი არხის მოსაწესრიგებლად შეიყვანეს, რამაც სანაპირო დააზიანა და ფოცხოვმა კალაპოტი შეიცვალა. ამ ეტაპზე კი ტრაქტორი მდინარისთვის პირვანდელი კალაპოტის დაბრუნებას ცდილობს.
ვალის მოსახლეობა ამბობს, რომ წყალდიდობის შედეგად, სახნავ–სათესი ფართობები ხშირად იტბორება და მრავალწლიანი ნარგავები ნადგურდება. ამის გამო, ადგილობრივები მიწის დამუშავებაზე უარს ამბობენ და ნაკვეთებს ტოვებენ.
|