კარტოფილის მოსავლის აღება სამცხე–ჯავახეთში დასრულდა. ოფიციალური მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, მოსავლიანობა მაღალია, თუმცა ფერმერების სატკივარს წელს სასოფლო–სამეურნეო კულტურის დაბალი ფასი წარმოადგენს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კარტოფილის მოყვანის დროს გაწეულ ხარჯს რეალიზაციისას ვერ იღებენ, რადგან ერთი კილოგრამის საბაზრო ღირებულება 35–40 თეთრია, რაც გასულ წელს არსებული ფასის ნახევარზე ნაკლებს შეადგენს.
„2008 წლის საქართველო–თურქეთის ხელშეკრულებით, კარტოფილის შემოტანის დროს განბაჟების თანხას არ იხდიან, რის გამოც თურქული კარტოფილის ფასი დაბალია და ქართული კონკურენციას ვერ უწევს“ – ეს განმარტება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ვალეში ვიზიტის დროს გააკეთა. გოჩა ცოფურიშვილის თქმით, უწყება პრობლემის მოგვარებისთვის მუშაობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ირწმუნება, რომ შარშანდელთან შედარებით, ყველა მუნიციპალიტეტში წელს კარგი მოსავალი მიიღეს, მიუხედავად იმისა ,რომ კლიმატური პირობები გაცილებით მკაცრი იყო. ნანა ზუბაშვილის თქმით, რომ არა კარტოფილის დაავადება, რომელიც ძირითადად ახალქალაქისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა, ფერმერები უკეთეს მოსავალს მიიღებდნენ.
სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში კარტოფილი 18 125 ჰექტარზე იყო დათესილი, მოსავლიანობამ კი 295 000 ტონას მიაღწია, რაც შარშანდელთან შედარებით, საშუალო მოსავლის მიხედვით, 2 ტონით მეტია.
ოფიციალური მონაცემებით, ადიგენში, ასპინძასა და ახალციხეში მოსავლიანობა უფრო დაბალი იყო, ვიდრე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ბექა ზედგინიძე.