წყარო, რომელიც სოფელ წნისის ცენტრში მდებარეობს, მოსახლეობის ერთადერთი იმედია. ამ წყლით ადგილობრივების დიდი ნაწილი სარგებლობს. წნისელები ამბობენ, რომ რამდენიმე უბანში წყალი საერთოდ არ მოდის, ზოგ მოსახლესთან კი მხოლოდ ერთი საათით.
ეს არის პრობლემა, რომელიც წნისში არასოდეს მოგვარებულა – ამბობენ ადგილობრივები.
სოფლის მოსახლეობის თქმით, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სამჯერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, სოფლის მთავარი პრობლემა არ გადაჭრილა.
აღნიშნული პრობლემა, გოგოლაძეებმა ჭის მოწყობით მას შემდეგ გადაჭრეს, როცა ოჯახის წევრებს წყაროდან წყლის ზიდვა გაუჭირდათ. ჟაკი გოგოლაძემ ძველი აბანოს ჭა გაასუფთავა და ხუთი წელია სასმელი წყლით არა მარტო მის ოჯახს, არამედ მეზობლებსაც ამარაგებს. სოფელ წნისში ჭა კიდევ რამდენიმე ადგილობრივს აქვს გათხრილი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ წნისელების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა მისი არჩევის დღიდან დაიწყო, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, სოფელში სასმელ წყალთან დაკავშირებული პროექტი არ განხორციელებულა. ზაზა მელიქიძე განმარტავს, რომ მთავარი პრობლემა, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყაროს წყლების სიმცირეა.
სანამ ადგილობრივი ხელისუფლება წყაროს წყლებს შეკრებს, ან სხვა ალტერნატიულ გზას გამოძებნის, 360 კომლიან სოფელს სასმელი წყლის ზიდვა, წნისში არსებული ორი წყაროდან მოუწევს.