ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მესხური ტენილი ყველის წარმოება აღდგა. “მზიანეთმა” საქმიანობა, სამწლიანი პაუზის შემდეგ, კოოპერატივ “ხარებასთან” ერთად განაახლა.
სოფელ ჭობარეთის ყველის საწარმოში მესხური ტენილი ყველის წარმოება სამწლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაიწყეს. უნიკალური, ძველი ტრადიციული რეცეპტით პროდუქტს აქ ადგილობრივები თამარ ზედგინიძე და დარიკო ჯვარიძე ამზადებენ. ისინი ყოველდღიურად 120 ლიტრ რძეს ამუშავებენ. თმის ღერის დონეზე დაწმინდავებული, ნაღებში ამოვლებული და ქოთანში გატენილი მესხური მალე დახლებზე გამოჩნდება.
ჭობარეთის საწარმოში ევროპის ბაზრებზე ტენილის გატანას ამ ეტაპზე არ აპირებენ. იციან, რომ ეს არაერთ რეგულაციასთანაა დაკავშირებული, საწარმო კი ამ ამისთვის მზად არ არის. მათგან განსხვავებით, ანდრიაწმინდელი გალინა ინასარიძე დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ბაზრისკენ გზას აუცილებლად იპოვის. ამჟამად ტენილ ყველს მარტო ამზადებს, მაგრამ მალე საწარმოს აშენებასა და წარმადობის 5– 6 ტონამდე გაზრდას გეგმავს.
ევროპულ ბაზრებზე მოსახვედრად, აუცილებელია ზოგადი ჰიგიენური ნორმების დაცვა, ძროხის შემოწმება დაავადებებზე და სტანდარტით განსაზღვრულ პირობებში მოწველა, რძის საჭირო ტემპერატურაზე შენახვა–ტრანსპორტირება. საწარმო უნდა მოწმდებოდეს შესაბამისი სტრუქტურის მიერ, ჰქონდეს პროდუქციის დამზადება–გამოყენების უფლება და ხელმძღვანელობდეს საქპატენტში დარეგისტრირებული რეცეპტით. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რძის პროდუქტების ევროპის ბაზარზე გატანა შორეული პერსპექტივაა.
იმისთვის, რომ დასავლეთის ბაზარზე პროდუქციამ ადგილი დაიმკვიდროს, ჯერ ევროპაში ცნობადობა უნდა გაიზარდოს – მიაჩნიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში. მამუკა თამარაძის თქმით, მთავარია ფერმერმა ყველა სტანდარტი დააკმაყოფილოს, ცნობადობის ამაღლებაში კი მათ სახელმწიფო დაეხმარება.
ტენილ ყველს, რომლის დამზადების ტექნოლოგიასაც საქართველოში 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და იუნესკოს ნომინაციაზე წარდგენასაც გეგმავენ, ევროკავშირის ბაზარზე გატანის პერსპექტივა მისი უნიკალურობიდან გამომდინარე აქვს. თუმცა დღეისათვის არსებული მარაგი მხოლოდ ადგილობრივ ბაზრებს აკმაყოფილებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველში ვარაუდობენ, რომ სანამ ტენილი ყველა პროცედურას გაივლის, მანამდე ევროკავშირის ბაზარს მესხეთში მოყვანილი კენკროვანი ხილი უფრო მარტივად და მოკლე პერიოდში დაიკავებს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე