საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში, რძის პროდუქტების საწარმო – „ახალი მესხეთი“ დაათვალიერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში, რძის პროდუქტების საწარმო – „ახალი მესხეთი“ დაათვალიერა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ობიექტი, სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში შეიქმნა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასეთი საწარმოები რეგიონში სხვა მეწარმეებისთვის მაგალითი უნდა გახდეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ობიექტების არსებობა მესხეთში, განსაკუთრებით სუფთა ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია.
საწარმო გადასამუშავებლად დღეში 12 ტონამდე ადგილობრივ ნატურალურ რძეს იბარებს. აქ ყველი ევროპული სტანდარტების მიხედვით მზადდეა, რომელიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, სუპერმარკეტებში იყიდება. საწარმოს ხელმძღვანელები, სამომავლოდ ექსპორტზე ორიენტირებასაც გეგმავენ.
საწარმოს პირველადი ინვესტიცია 120 000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 60 000 აშშ დოლარი „ახალმა მესხეთმა“ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში მიიღო. 2015 წელს კი, ბენეფიციარმა, დამატებით 140 000 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი აიღო, რითაც საწარმოო სიმძლავრეები გააფართოვა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ლევან ყურაშვილი.