სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრის აღსაზრდელებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრის „ჩვენი ნუგეშის” აღსაზრდელებმა, მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი ,,რწყილი და ჭიანჭველა’’ იხილეს. სპექტაკლს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლები შვილებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ახალციხის სხვადასხვა საჯარო სკოლის წარჩინებულმა მოსწავლეებმა. წარმოდგენის დასასრულს „ჩვენი ნუგეშის” აღსაზრდელებისთვის მცირე ექსკურსია მოეწყო რაბათის ციხის ტერიტორიაზე.
ღონისძიება პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ისახავს.