ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში ა(ა)იპ–ების რაოდენობა 15–ით გაიზარდა. აქ დასაქმებულთა რაოდენობა 347 ერთეულით, მათი შრომის ანაზღაურებაზე კი, 182 834 ლარით მეტი იხარჯება.

ინფორმაციას ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში მიმდინარე პროცესების დაკვირვების შემდეგ, შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, ბოლო ორ წელში, ა(ა)იპებში დასაქმებულთა ხელფასებზე, საქართველოში ჯამში 4 245 152,6 ლარით მეტი დახარჯეს, ვიდრე 2014 წლის არჩევნებამდე. ქვეყნის მასშტაბით (თბილისის გარდა) მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობა 84 ერთეულით (695-დან 779-მდე) გაიზარდა. მასში დასაქმებულთა რაოდენობა კი 8 232 პირით. (36540-დან 44772-მდე)
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოზიციით, მუნიციპალიტეტებში ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნება ხშირ შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გარეშე ხდება, რაც მწირი მუნიციპალური ფინანსური რესურსების კიდევ უფრო მეტად არაეფექტიან ხარჯვას იწვევს.
|