100%-ით და მეტად შევასრულებ ჩემს ნაწილს, რათა სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული შეთანხმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერევანმა და ბაქომ არა მხოლოდ დე იურე, არამედ დე ფაქტოდ, სოციალურ-ფსიქოლოგიურ და სხვა დონეებზე აღიარონ, რომ ყოფილი საბჭოთა აზერბაიჯანი დღეს არის დამოუკიდებელი აზერბაიჯანი თავისი ტერიტორიით, ხოლო ყოფილი საბჭოთა სომხეთი დამოუკიდებელი სომხეთია თავისი ტერიტორიით.
„სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა დააფიქსირონ ეს რეალობა, თავი დაანებონ ერთმანეთს, შეწყვიტონ ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედება და კომუნიკაციების გახსნით დაიწყონ ეკონომიკური კავშირების დამყარების პროცესი, თავდაპირველად ძალიან სუსტად, ძალიან ფრთხილად, რაც შემდგომში, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაღალი ტემპით განვითარდება, ნორმალურ რეჟიმში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა წლის ბოლომდე, ფაშინიანმა აღნიშნა: „შემიძლია, ვთქვა ერთი რამ: მე 100%-ით და მეტად შევასრულებ ჩემს ნაწილს, რათა სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს“.
ამავე ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა, რომ ორი ქვეყნის საზღვრის იმ მონაკვეთებზე, რომელთა დემარკაციაც მოხდება, ევროპელი დამკვირვებლები აღარ განლაგდნენ.
„საზღვარი, რომელიც დემარკირებულია, ობიექტურად არ საჭიროებს დამკვირვებელს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება თუ გაფორმდება, ერევანი მზადაა, ბაქოს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელები უკან გაიწვიოს, თუმცა ანალოგიური ნაბიჯი უნდა გადადგას აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც.
„თუ დავინახავთ, რომ მართლაც ვაღწევთ მშვიდობას და ვამყარებთ მას, ანუ ვაწერთ ხელს ხელშეკრულებას, ვფიქრობ, შეიძლება, წავიდეთ ასეთ გარიგებაზე. ეს ნიშნავს, რომ არავინ არ უნდა წარადგინოს სარჩელები ერთმანეთის წინააღმდეგ წარსულში მომხდარი მოვლენების გამო და ჩვენ ორმხრივად უნდა ვთქვათ უარი სარჩელებზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.
თუმცა, როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთი ან აზერბაიჯანი მომავალში ასეთი სარჩელების წარდგენაში შეზღუდულები იქნებიან, თუ ასეთი საჭიროება დადგება.
„ლოგიკა იქნება იმაში, რომ მომავალში უცებ თუ გაჩნდება სარჩელის წარდგენის საფუძველი, ეს არ შეზღუდავს არც მათ და არც ჩვენ მომავალთან დაკავშირებულ საკითხებში, რომ ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.