ოფიციალური ბაქო არ ადასტურებს სომხეთის ხელისუფლების განცხადებას აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ
სომხეთის ხელისუფლების განცხადებას აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ, ოფიციალური ბაქო არ ადასტურებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა, არ შეესაბამება სიმართლეს და არის დეზინფორმაცია.
განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებს სიუნიქის ოლქის დასახლებულ პუნქტ ხნაცახის მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნიათ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები არასდროს ხსნიან ცეცხლს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით. ჩვენი არმია იღებს ადეკვატურ ზომებს მხოლოდ სომხური შეიარაღებული ძალების პროვოკაციების საპასუხოდ, რომლებიც ჩვენს პოზიციებს ცეცხლს უხსნიან.
მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებით მტერი ცდილობს, შექმნას ცრუ შთაბეჭდილება საერთაშორისო საზოგადოებაში და ცდილობს, დამალოს თავისი პროვოკაციები, რასაც ის აკეთებს ბოლო დღეებში, როდესაც რეგულარულად ახორციელებს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე სხვადასხვა მიმართულებიდან სროლას“, – აღნიშნულია განცხადებაში.