ხმაური ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების გაცნობას მოჰყვა. დეპუტატთა ნაწილი ირწმუნება, რომ სოფლებში პრობლემები მხოლოდ აღნიშნული პროგრამით გვარდება და ადგილობრივი ხელისუფლება სხვა თანხებს ტერიტორიული ერთეულებისთვის არ ხარჯავს.
31 მარტის საკრებულო სხდომაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის პროტესტი მოჰყვა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევისთვის ჩატარებულ შეხვედრებს. მაკა სუდაძის თქმით, ტერიტორიულ ერთეულებში კანონით გათვალისწინებული კრებები არ ჩატარებულა და შერჩეული პროექტები რეალურად გამგეობის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებზეა მორგებული.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბის 54 პროექტი განხორციელდება. აღნიშნულისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 667 098 ლარია განსაზღვრული. პროექტის ფარგლებში წელს 8 სოფელში რიტუალების სახლის მშენებლობა–რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვაა დაგეგმილი, სარწყავი წყლის სისტემა და სატუმბი სადგურები მოწესრიგდება 6 სოფელში, სასმელი წყლის პრობლემა 11 სოფელს მოუგვარდება, ასევე იგეგმება საბავშვო ბაღების მშენებლობა–რეაბილიტაცია და კულტურის სახლების რემონტი, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ტერიტორიების შემოღობვა და ა.შ. გარდა ამისა, სოფელ ტყემლანაში 9 337 ლარი მთის სახლის მშენებლობას მოხმარდება, ორ სოფელში – მუგარეთსა და სხვილისში სკვერები კეთილმოეწყობა, სპორტული მოედნისა და სოფლის სახლის რეაბილიტაციაა ყველაზე პრიორიტეტული ურავლელებისთვის, ურავლის გარდა სოფლის სახლი აშენდება და გარემონტდება შვიდ სოფელში.
ნოდარ ბალახაშვილი განმარტავს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მომავალი წლის პრიორიტეტების შერჩევისთვის დაგეგმილ კრებებზე, ამომრჩევლის 20 პროცენტი უნდა დაფიქსირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კრება ჩაითვლება შეხვედრად და სოფელს პროექტისთვის თანხა აღარ გამოეყოფა.