ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში, არჩევნების თემაზე, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზება „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ“ გაუწია.
როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, შეხვედრის მიზანი, სოფლებში საარჩევნო აქტივობის გაზრდაა.
არჩევნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ბარალეთის მაცხოვრებლებისთვის ვიქტორინა გაიმართა. კითხვები ძირითადად, კენჭისყრის დღის პროცედურებს შეეხო. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ადგილობრივების თქმით, ამ თემაზე მსგავსი შეხვედრების გამართვა აუცილებელია, რათა მოსახლეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს მომზადებული შეხვდეს.
ბარალეთში საინფორმაციო შეხვედრა 18 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც სოფელში ორგანიზება რამდენიმე დღით ადრე შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა გაუწიეს. საჯარო შეხვედრასთან დაკავშირებით მათ გამოაკრეს აფიშები, გაავრცელეს ბუკლეტები და მოსახლეობას დაურიგეს მოსაწვევები.
სოფელ ბარალეთში გამართული შეხვედრა რიგით მესამეა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“, ცესკოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ჩვენი ქვეყანა-ჩვენი არჩევანი ერთი ხმის ხმოვანება“ფარგლეში ახორციელებს. მანამდე არჩევნების თემაზე საჭირო ინფორმაცია მოსახლეობამ ასპინძის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მირაშხანსა და დამალაში მიიღო. მომდევნო შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოშია დაგეგმილი.