სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიებას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი გაუძღვა.
კანონპროექტის საჯარო განხილვები საქართველოს მასშტაბით ტარდება და უკვე მოეწყო თელავში, ბოლნისში, გორში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში და ამბროლაურში.
საჯარო განხილვები ემსახურება საზოგადოების წარმომადგენელებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებას კანონპროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი უზრუნველყოფს საჯარო კონსულტაციების ფორმატში გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების მიწოდებას, შესაბამისი რეაგირების მიზნით, კანონის პროექტის ავტორისათვის - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის.
პარლამენტისთვის კანონპროექტის წარდგენა დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე.
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია 1996 წელს არის მიღებული და უკვე მრავალი წელია ვერ აკმაყოფილებს სპორტის სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
კანონპროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა.
კანონპროექტის ტექსტი და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.bit.ly/sportis-kanoni.
საჯარო განხილვები ეწყობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ღონისძიებების მხარდამჭერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ღონისძიებების ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid)