სარაგბო კლუბი „ტაო“ ქუთაისში თამაშისთვის ემზადება
სამცხე-ჯავახეთის რაგბის გუნდი გასვლით მატჩს გამართავს.
„ტაო“ 23 თებერვალს ქუთაისის "არესს" შეხვედება. ძლიერ მოწინააღმდეგესთან შერკინებამდე, მესხი მორაგბეები ინტენსიურად ემზადებიან.
„ერთ-ერთ ლიდერთან გვაქვს თამაში, საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეა. ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. ადრე უკვე მოგვიგეს ერთი შეხვედრა, ჩვენზე ძლიერები არიან და ამას ვერ გავექცევით“, - ამბობს კლუბის პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე.
გასვლითი თამაშის შემდეგ, მორიგ, საშინაო მატჩს ,,ტაო" მარტის დასაწყისში, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, ოზურგეთის ,,არწივებთან" გამართავს. კლუბის პრეზიდენტის თქმით, ეს შეხვედრა მესხი მორაგბეებისთვის პრინციპულია.
„პირველ ლიგაში გადმოსვლისას ვთქვით, რომ მინიმუმ შევინარჩუნებდით პოზიციას და მაქსიმუმ, ოთხეულში მოვხვდებოდით. აქ კი ჩვენი ძირითადი კონკურენტი არის ოზურგეთი, რადგან ერთნაირი ქულები გვაქვს“.
ირაკლი გვენეტაძე მოქალაქეებს მატჩზე ეპატიჟება. პირველ ლიგაში მორაგბეებს გულშემატკივრების მხარდაჭერა დასჭირდებათ.