სპორტი
ახალციხელი მძლეოსნები თბილისის ჩემპიონატიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ
სეზონის პირველ შეჯიბრებაში ასპარეზობა წარმატებული აღმოჩნდა მესხი მძლეოსნებისთვის. სპორტსმენები თბილისის ზამთრის ღია ჩემპიონატიდან ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ.
მინდია ენდელაძემ 200 მეტრ დისტანციაზე ირბინა და პირველი ადგილი დაიკავა. ორი ოქროს მედალი აიღო გაიანე უსტიანმა, რომელმაც ორ დისტანციაზე - 1 500 და 800 მეტრზე ირბინა. მარიამ კაპანაძემ 3 000 მეტრი წარმატებით დაძლია და ოქროს მედალი მიიღო.
ვერცხლის მედალს დასჯერდა ვლადიმერ შუშანიანი 800 მეტრ დისტანციაზე სირბილისთვის, ირინა მიკიტიუკმა კი ასევე ვერცხლის მედალი სამმაგ ხტომაში აიღო.
ბრინჯაოს მედლები მიიღეს შალვა ლეკიშვილმა, რომელმაც 60 მეტრ დისტანციაზე ირბინა და დერენიკ არზუმანიანმა 3 000 მეტრიანი დისტანციით.
„სეზონის გახსნაა და კარგი შედეგია, კმაყოფილი ვარ. ზამთრის ჩემპიონატზე პირველი შეჯიბრება იყო. რბენები, ხტომები - მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობებში ჩატარდა“, - გვითხრა მძლეოსნობის სპორტული კლუბის დირექტორმა ზიგმუნდ ზილბერშტეინმა.
თბილისის ზამთრის ღია ჩემპიონატი 1-2 თებერვალს ჩატარდა და მასში მძლეოსნები საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობდნენ. შეჯიბრის ორგანიზატორი საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია იყო.
გააზიარეთ :