სპორტი
ჭადრაკში სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატი ჩატარდა
ახალციხემ ჭადრაკში, 10 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველობას უმასპინძლა. ჩემპიონატი 8-9 თებერვალს, "სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის" ორგანიზებით გაიმართა. ტურნირში ახალციხიდან, ბორჯომიდან, ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან 31 ბიჭი და 8 გოგო მონაწილეობდა.
გოგოებს შორის 5.5 ქულით პირველი ადგილი ბორჯომელმა ბარბარე შონიამ დაიკავა, 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა ახალციხელმა მარიამ ყურაშვილმა, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თანაბარი - ოთხ-ოთხი ქულა მოაგროვეს ახალციხელმა ვიკა ვეშაგურმა და ნინოწმინდელმა მერი არზუმანიანმა, საბოლოოდ უკეთესი კოეფიციენტის გამო, საპრიზო ადგილი ერგო ვიკა ვეშაგურს.
ბიჭებს შორის ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა. პირველი ადგილი ბორჯომელმა დავით მესხმა დაიკავა, მეორე ადგილი ახალციხელმა საბა პაპაშვილმა. მესამე ადგილს დასჯერდა ნინოწმინდელი სარქის ლალაიანი.
გამარჯვებულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
გააზიარეთ :