სპორტი
ახალციხელმა გიორგი აკოშვილმა უკრაინის ჩემპიონი დაამარცხა
MMA-ს მებრძოლმა გიორგი აკოშვილმა, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სარეიტინგო ბრძლა გამართა და გაიმარჯვა. შეჯიბრება უკრაინაში, ქალაქ დნეპროპეტროვსკში ჩატარდა და მასში ოთხი ქვეყნის - უკრაინის, რუსეთის, მაროკოსა და ჩეჩნეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გიორგი აკოშვილი უკრაინის ჩემპიონს ევგენი ბირკოვსკის შეხვდა და გამარჯვება ორ რაუნდში, სრული უპირატესობით მოიპოვა.
„ძალიან მესაჭიროებოდა ეს გამარჯვება, რადგან წინ წავიწიე რეიტინგში. ახლა უფრო რეიტინგული ორგანიზაციები მიმიწვევენ შეჯიბრებებში. კორონავირუსის გამო, ერთი წელია არ მიბრძოლია. როცა ხშირად არ ჩხუბობ, რინგზე პაუზის შემდეგ რომ გადიხარ, გაქვს განცდა, ნერვიულობ. ამ შეხვედრის მოსამზადებლად ერთ თვე მქონდა“, - უთხრა TV9NEWS.GE-ს ახალციხელმა მებრძოლმა.
გიორგი აკოშვილი სპორტის სახეობაში - ბრძოლა წესების გარეშე 77 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. 24 წლის სპორტსმენი ახალციხის სოფელ აწყურიდან არის. ის უკრაინაში საცხოვრებლად დაახლოებით, ოთხი წლის წინ გადავიდა. მანამდე საქართველოში ვარჯიშობდა და სხვადასხვა ჩემპიონატებში ასპარეზობდა.
გააზიარეთ :