თედო გრიგალაშვილმა გროზნოს ,,ტერეკისთან“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ამ ეტაპზე, ფეხბურთელი ვიზის მიღებას ელოდება. 22 წლის სპორტსმენის თქმით, მან გამოსაცდელი პერიოდი ავსტრიაში გაიარა, რის შემდეგაც კონტრაქტი 1+3 წლით გააფორმა. ერთი წლის შემდეგ თავად კლუბი გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ქართველი სპორტსმენი მათ შემადგენლობაში.
თედო გრიგალაშვილმა საფეხბურთო კარიერა ახალციხეში კლუბ ,,მესხეთში“ დაიწყო, რის შემდეგაც იგი თბილისში, შემდეგ კი ზესტაფონსა და სამტრედიაში თამაშობდა. ამბობს, რომ გროზნოს ,,ტერეკი“ საფეხბურთო სფეროში საშუალო დონის გუნდია, თუმცა მისი პროფესიული ზრდისათვის აღნიშნული გამოცდილება მნიშვნელოვანია. თედო გრიგალაშვილის გარდა, რუსეთის საფეხბურთო კლუბებში კიდევ ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.