„ტაო“ ერეკლე II-ის თასისთვის იბრძოლებს
20 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ თელავის „ჭადარს“ დაუპირისპირდება, შეხვედრა ასპინძის რაგბის ბაზაზე 13:00 საათზე გაიმართება. „ტაოს“ პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე აცხადებს, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან მესხი მორაგბეები ერეკლე II-ის თასისთვის იბრძოლებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თამაში გველის წინ. ახლაც შეკრებაზე ვართ ასპინძის ბაზაზე და ვვარჯიშობთ. რაც შეეხება სარაგბო კლუბ „ჭადარს“დღეს ჩამოვლენ კახელი მორაგბეები და ჩვენს ბაზაზე დარჩებიან თამაშამდე. ვინაიდან პირველი ლიგა მთავრდება და სეზონის ბოლო თამაშია, მოტივაცია მაღალი გვაქვს, მჯერა გავიმარჯვებთ. თამაშს რაგბის კავშირის პრეზიდენტიც დაესწრება“ - აცხადებს „ტაოს“ პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე.
მესხი მორაგბეები პირველი ლიგის ექვსეულში მეხუთე ადგილს იკავებენ, მათ სულ 9 თამაში აქვთ ჩატარებული, აქედან ორი მოგებით ხოლო შვიდი წაგებით დაასრულეს. რაც შეეხება თელავის „ჭადარს“, ის ექვსეულში ბოლო ადგილს იკავებს, კახელმა მორაგბეებმა ცხრავე თამაში წაგებით დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ მესხმა მორაგბეებმა ერეკლე II-ს თასი 21 მარტს თელავში, სარაგბო კლუბ „ჭადართან“ დაპირისპირებისას მოიპოვეს. შეხვედრა ანგარიშით 42:28 მესხი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.