ახალციხეში სასპორტო სკოლასთან არსებული რაგბის გუნდი პრობლემებზე საუბრობს. მწვრთნელების თქმით „ტაოს“ პოტენციალი აქვს, თუმცა ფინანსური სიმცირის გამო, გუნდის განვითარება ვერ ხდება.
ახალციხელი სპორტსმენები მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე კვირაში სამჯერ იკრიბებიან. მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – ეს რაგბის სიყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯგუფი გასულ წელს უსახსრობის გამო დაიშალა, სპორტისთვის თავის დანებება უჭირთ და ფორმაში ყოფნის მიზნით, კვირაში სამჯერ მაინც ვარჯიშობენ. ამბობენ, რომ ახალციხეს სპორტის ამ სახეობის განვითარების პოტენციალი გააჩნია, თუმცა ამას ხელის შეწყობა და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.
რაგბის გუნდი ახალციხეში 2005 წლიდან ფუნქციონირებს. გასულ წლამდე არსებობდა როგორც ზრდასრულთა, ასევე პატარების ჯგუფიც. უსახსრობის გამო ახალციხეს მხოლოდ პატარების გუნდი დარჩა. „ტაო“ ამ ეტაპზე 60 პატარა თაობას ზრდის. თუმცა რა ელოდებათ დამწყებ სპორტსმენებს მომავალში –მწვრთნელებისათვის რთული სათქმელია.
რაგბის გუნდი „ტაო“ ახალციხის სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს. ქალაქის მერიის ბიუჯეტიდან დაწესებულებისათვის ყოველწლიურად 120 000 ლარია გამოყოფილი. თანხა მწვრთნელების ხელფასებისათვის, მივლინების ხარჯებისათვის და საჭირო აღჭურვილობისათვისაა განსაზღვრული. ქალაქის მერის გიორგი კოპაძის თქმით, ქალაქში სპორტის განვითარებისთვის, მათი მხრიდან ხელშეწყობა ხდება, თუმცა ადგილობრივ თვითმართველობას ნაკრების შენახვის სახსრები არ აქვს.
ახალციხის სასპორტო სკოლაში რაგბის გუნდის გარდა, სპორტის 9 სახეობა ფუნქციონირებს. მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 120 000 ლარი კი 9–ვე მათგანისთვისაა განსაზღვრული.
|